ჩემი თაობა ამ ქვეყანას ვერასოდეს გადმოიბარებს

Rostomi Kutchukhidze
2 min readApr 30, 2023

--

ეს კაცი არის შერისხული ბევრთაგან,
მაგრამ ლეგენდარული მიმის მთავარი აქტორი.
დიდტელეფონიანი ლურჯკოსტუმიანი კაცი, რომელმაც სიმართლე შემთხვევით წარმოსთქვა (ჩემი აზრით), მაგრამ ეს იმდენად გულწრფელად მოუვიდა რომ “გაუვარდა” ❤

“არა არა ეს… ეს არი ავანტყოფი ერია…”

ნაწამები ებრაელების ორი თაობა

როცა ებრაელებმა ერთმანეთს შესჩივლეს მონობის უღელი მძიმეაო, ადგნენ და ყველანი დატყდნენ ეგვიპტიდან.
40 წელი იხეტიალეს მსოფლიოში ყველაზე ცუდ ნავიგატორთან — მოსესთან ერთად და ბოლობოლო მიადგნენ აღთქმულ მიწას. ოღონდ აღთქმულ მიწაზე მონობაში ნამყოფმა ვერცერთმა ებრაელმა ვერ შედგა ფეხი, მხოლოდ ხეტიალის დროს დაბადებულებმა შეძლეს იქ შესვლა.

დღეს ცოტა სხვანაირი სიტუაცია.
ხეტიალში დაბადებულ თაობას სიმწარე ან არ უნახავს ან ღრმა ყრმობაში დატოვა. უდაბნოში დახრაკული ებრაელებისგან განსხვავებით თანამედროვე თავისუფალი თაობა ტიკტოკის და ზედაპირული ბაბლების გავლენის ქვეშ არის მოქცეული.

ნაწამები ქართველების თაობანახევარი

ჩვენმა უფროსმა თაობამ ყველაფერი ნახა: ომი, სამოქალაქო ომი, ყაჩაღობა, მხედრიონი, ზასტოი, დაშლა, აღდგენა, გახლეჩა, სიკვდილი, ტკივილი.
ცოტა უფრო უმცროსმა თაობამ ნახა ზემოთჩამოთვლილი ყველაფრის ნაწილი + წამალი.
დღეს ჩვენ არაფერი გვინახავს, არაფრისგან გაგვიკეთებია ანალიზი, არაფერი გვისწავლია ამ ცხოვრებისგან.
მარტო ის გვინდა დავინახოთ რომ მარტივია, ან რომ ბედნიერებისთვის ვართ ეს თაობა განწირული.
მაგრამ ტყუილია ეს.
საბჭოთა თაობას აქვს აბსოლუტური ლეგიტიმაცია ყველაფრის და ჩვენი თაობა უმცირესსაც კი ვერაფერს მოითხოვს.
დღეს FB-მ ვიდეო ამომიგდო: ჩემი almost საყვარელი მსახიობები, ზუკა პაპუაშვილი (ტრისტან ჩიფჩიური ცხელი ძაღლიდან და მსახიობი თეატრალური სარდაფიდან) და დათო დარჩია (სოფრომაძე ცხელი ძაღლიდან და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი საყვარელი პერსონაჟი რამდენი ფილმიდან) კვლავაც გამოთქვამდნენ სურვილსა და პრეტენზიას იმაზე თუ რა არის ამ ქვეყნისთვის უკეთესი და რა არა.
და მე ვეღარ, უკვე ვეღარ ვხედავ მიზეზს რატომ უნდა შევეწინააღმდეგო მათ.
ეს ხალხი — ეს თაობანახევარი უმიზეზოდ არაფერს აკეთებს. მათმა ცხოვრებამ და მასში განცდილმა ფრუსტრაციებმა ისინი აქამდე მოიყვანეს.
და დღევანდელმა დღემ რაც აჩვენა არის ის რომ ისინი აქტიურები არიან!

შეიძლება პროცენტულად ბევრნი მართლა არ არიან, მაგრამ აქტიურები არიან. სწორედ ამიტომ აბარიათ ეს ქვეყანა მათ.
და არ არსებობს საპირწონედ არცერთი მიზეზი რატომაც ჩვენ უნდა გვებაროს. მართლა არ არსებობს.

უწამებელი ქართველების ნახევართაობა (ჩემი ჩათვლით)

ისევ ებრაელებს მინდა დავუბრუნდე. როცა აარონმა (ალბათ) მოსეს (ალბათ) შესჩივლა “აგი ფარაონი რატო მიგვერეკება ყანისკენ, რატო გვაიძულებს ებრაელებს იმის კეთებას რაც არ გვინდაო?!” მოსეს (ალბათ) არ უპასუხნია “არ ვიცი ძმი, ფარაონის სასოფლო-სამეურნეო აგროკულტურულ პოლიტიკაში მე არ ვერევიო”.

ვიყოთ არააქტიურები.
დავრჩეთ არააქტიურებად.
სანამ უკიდურეს სიმწარეს არ გვაწვნევს განგება, მანამდე მზად მაინც არ ვიქნებით ამ ქვეყნის გადმოსაბარებლად.
სანამ ძია თემურის ნათქვამი სისრულეში არ მოვა ჩვენ მაინც არ გამოვიფხეკთ ყურებს.
შეგვიძლია შევთანხმდეთ იმაზე რომ სანამ ამ ქვეყანაში ვიმყოფებით, უბრალოდ პატივი ვცეთ უფროს თაობას და შეურაცხყოფა არ მივაყენოთ.
შევთანხმდეთ რომ ეს ქვეყანა კი არა, ეკონომიკური ზონაა და როცა ამ ზონიდან გასვლა შეგვეძლება, ერთმანეთის დამუნათების გარეშე ყველამ დავტოვოთ.

--

--

Rostomi Kutchukhidze

მიყვარს მიმების კეთება. ასევე საკუთარ კომპიუტერსა და Google Drive-ში დროგამოშვებით ფაილებისა და ფოლდერების გადალაგება-გადმოლაგება.