1921

Rostomi Kutchukhidze
3 min readMar 27, 2022

--

1918 წელს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ.
მაშინ არ ვიყავით ისეთი ქვეყანა რომელსაც ნათელი მომავალი ეჭყანებოდა მაგრამ ისტორიამ გვაჩუქა სამი თავისუფალი წელიწადი რათა გაგვეგო რა შეგვიძლია.

კარლო ჩხეიძე — დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე და საქართველოს საგარეო დიპლომატიური კურსის ბირთვული რეაქტორი.

აი რა გავაკეთეთ 1918 წელს (/წლიდან):

  1. ქვეყნის ისტორიაში პირველად, ჩავატარეთ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები
  2. პარლამენტში (დამფუძნებელთა კრებაში) შევიდა 4 პარტია. (ერთმანეთისგან მეტწილად განსხვავებულები და რაღაც იდეაზე დამყნობილი)
  3. დეპუტატებს შორის ავირჩიეთ 5 ქალი. (ორ წელიწადში შეერთებულ შტატებში ქალებს მიეცათ ხმის მიცემის უფლება)
  4. დავიწყეთ პრივატიზაცია და სახელმწიფოს ქონების მართლა (ოღონდ მართლა) მოქალაქეებისთვის გადაცემის პროცესი
  5. დავბეჭდეთ ეროვნული ვალუტა რომელიც ნუ ეხლა მთლად ბრიტანული ფუნტი არ იყო მაგრამ ამიერკავკასიაში ყველაზე მყარი ვალუტა იყო
  6. შევქმენით რეგულარული არმია
  7. მივიღეთ იმ დროისთვის საკმაოდ გამართული და ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუცია
  8. ღირსეულად შევებრძოლეთ მტერს რომელმაც ბოლოსდაბოლოს მაინც მიგვაპყრო
  9. როცა მიგვაპყრეს, თავიდანვე მოვაწყეთ აჯანყებები და პარტიზანული იერიშები.

მერე რა მოხდა?

მერე იყო 70 წლიანი საზიზღარი, საშინელი, გაუკუღმართების პერიოდი რა დროსაც:

  1. ცხადად ჩამოგვერთვა იარაღის ფლობის უფლება, თავდაცვის უფლება
  2. სრულიად წაგვართვეს საკუთრების უფლება ჩვენი ქონებისა თუ მიწების 99.99%-ზე
  3. სრულიად შეგვიცვალეს აზროვნების მიმართულება და მენტალიტეტი.
  4. ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკას აგვიბურდეს საზღვრები
  5. ნაყოფიერად დაითესა ეთნიკური ბომბები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში
  6. ჩვენი ეკონომიკა გადაება დანარჩენი 14 რესპუბლიკისას და vice versa
  7. გავხდით ბელადოფილები და ბელადომანები
  8. სუსურუკუს დაშლის შემდეგ მთლიანად დაიქცა ჩვენი ეკონომიკა და როგორც აღმოვაჩინეთ, თურმე მენტალიტეტიც.
  9. 1930-იან წლებში (მეტადრე 1936–37 წლებში) სრულიად დაგვიხვრიტეს ყველა ისეთი ადამიანი ვისზეც ვიტყოდით რომ “კულტურული, ღირსეული, განათლებული ადამიანია, კარგი წერის უნარი აქვს ისევე როგორც განსხვავებული შეხედულებები და ხალხში ინტერესს აღძრავს”
  10. ………………………………………………

როდის გამოვძვერით?

ვარდების რევოლუციის შემდგომ როდესაც:

  1. გავაუქმეთ არასაჭირო და შევამცირეთ საჭირო გადასახადები
  2. ხელთავიდან დავბეჭდეთ ეროვნული ვალუტა (სინამდვილეში ლარის ბეჭდვა ვარდების რევოლუციამდე დავიწყეთ მაგრამ პირთა წრე რომელმაც ლარის დაბეჭდვა ითავა და ვარდების რევოლუცია მოაწყო თითქმის ერთი და იგივეა)
  3. საქართველოს მეორე პრეზიდენტი მესამეს გაპრეზიდენტების შემდეგ ქვეყანაში ცხოვრობდა მშვიდად და ხელშეუხებლად, დაპატიმრების, გაძევების, ჩამოხრჩობის (and etc) გარეშე, სიტყვისა და გამოხატვის სრული თავისუფლებებით. შეიძლება გაგიკვირდეთ რატომ ავღნიშნე ეს ფაქტი ცალკე პუნქტად მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის დიიიიდი მიღწევაა.
  4. მოვახდინეთ დიდი ეკონომიკური ნახტომის გაკეთება, ქვეყანა სიმბოლოებით, ინფრასტრუქტურით, საგარეო მიმართულებების გამკაფიოებით დაემსგავსა რეალურ ქვეყანას.
  5. პარლამენტის თავმჯდომარედ (და დროის რაღაც მონაკვეთებში სახელმწიფოს დროებით მეთაურად) გვყავდა ქალი.
  6. დავიწყეთ ქონების პრივატიზაცია (ისევ).
“მე საიდან უნდა ვიცოდე ბ-ნო კახა, ნუ გადამრიეთ”…

ბოლომდე გამოვძვერით?

არა და ვერა.
დღეს ასეთი სიტუაცია გვაქვს:

  1. საქართველოს მიწების 70%-ზე მეტი არის სახელმწიფოს და საპატრიარქოს საკუთრებაში, რაც დაახლოებით იმას ნიშნავს რომ საბჭოთა კავშირის და ვატიკანის ერთგვარი ნაზავი ვართ.
  2. ქალები პარლამენტში შეგვყავს კვოტით (და ზოგს ეს კარგი ჰგონია)
  3. გვაქვს ერთწლიანი სავალდებულო საყარაულო სამსახური რომელსაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვუწოდებთ.
  4. გვგონია რომ მაგარი ქვეყანა ვართ და გავბრწყინდებით რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და იმ მიწაზე ვცხოვრობთ რომელიც ღმერთს ეკუთვნოდა და დაგვითმო რადგან ქეიფის გამო მასთან მისვლა დაგვაგვიანდა.
  5. გვაქვს ეროვნული ვალუტა რომელიც კატასტროფულ დევალვაციას განიცდის.
  6. პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა უკავია ორ პარტიას რომელიც დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში ერთმანეთისგან რით განსხვავდებიან ვერ ვიგებთ.
  7. ქვეყანაში მომრავლდა მეხუთე კოლონის მსგავსი ჩანასახები რომლებსაც აქვე დავსძენ რომ არსებობის აბსოლუტური უფლება აქვთ მაგრამ თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო იმ ფაქტს, რომ მათ მავნებლურ სიტყვას პოსტსაბჭოთა მოქალაქეების ყურებამდე მიღწევა, როგორც აღმოჩნდა შეუძლიათ.
  8. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი (დაუზუსტებელი რაოდენობა) ემიგრაციაშია წასული.
  9. პირდაპირ ავიღეთ და გააზრების გარეშე გადმოვაკოპირეთ ევროპული კანონები ბიზნესის შეზღუდვისა და დარეგულირების ნაწილში.
  10. გავზარდეთ გადასახადები და ჩვენივე გადასახადებით ვინახავთ ეროვნულ ბანკს რომელიც გამდიდრებაში დახმარების ნაცვლად პირდაპირი ჩარევით გვაღარიბებს.
  11. გავზარდეთ სახელმწიფოს ბიუროკრატიული ზომა. (მეტწილად უსარგებლოდ)
  12. 10 წელიწადია GDP Per Capita ერთსა და იმავე ადგილას გვაქვს გაშეშებული.
  13. გავხდით ნიჰილიზმსა და პოხუიზმში ჩავარდნილი ქვეყანა.
  14. ჩვენი მეგობარი ქვეყანა ჩვენსავე მტერს ჩვენს თვალწინ ამარცხებს, ჩვენ კი დამარცხებული მტრის გვეშინია, მეგობარს ცხვირს ვუბზუებთ და ამასთანავე უმრავლესობა ჩვენგანი ვნატრობთ რომ “აი ნეტა ეგეთი ქვეყანა ვიყოთ ჩვეეეენნნც”

100 წლით უკან ვართ? თუ მეტით? ან იქნებ ნაკლებით?

იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს მოქალაქეს აღარ შეუძლია წელზე იარაღი შეირტყას, აღარ შეუძლია თავისი ქვეყნის 30%-ზე მეტს ფლობდეს, ძალით აცხოვრონ უფასო ყარაულად ერთი წელი და ხმა არ ამოიღოს, აღარ უნდოდეს მტერთან შებრძოლება ან პირიქით — მისგან დაპყრობას ნატრობდეს, აიტანოს თავისი ნაშრომის გაქურდვის ფაქტი უდრტვინველად მის მიერვე არჩეული პიროვნებათა ჯგუფის მხრიდან, მხარს უჭერდეს ქალის კვოტით შეყვანას საკანონმდებლო ორგანოში, რეაქცია არ ჰქონდეს თავისი შემოსავლების ერთ ადგილას გაშეშებასა და სტაგნაციაზე…
მე ვიტყოდი რომ 1921 წელს მაშინაც კი როდესაც ვაგებდით, უკეთეს მდგომარეობაში ვიყავით ვიდრე ახლა ვართ. უკან ვართ…
თან 1918 წელზე ცოტა კიდევ უკან ვართ.

ისტორიკოსები და ისტორიის მიმომხილველები მეტწილად აღიარებენ რომ რუსეთის იმპერიის საუკუნოვანი მარწუხისგან თავის დაღწევის შემდგომ, იმ სამ წელიწადში მანქანა სწორად გადავქოქეთ. კარგი სტარტი ავიღეთ. კონკრეტული ეპოქის და გარემოებების ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ მართლა მაგარი პროგრესი ვაჩვენეთ.

ახლაც შეგვიძლია იგივე პროგრესი ვაჩვენოთ?

--

--

Rostomi Kutchukhidze

მიყვარს მიმების კეთება. ასევე საკუთარ კომპიუტერსა და Google Drive-ში დროგამოშვებით ფაილებისა და ფოლდერების გადალაგება-გადმოლაგება.